შალვა ალავერდაშვილი - საქართველოში კლინიკიდან პაციენტების სარეაბილიტაციო სანატორიუმებში გაწერის პრაქტიკა თითქმის არ არსებობს
შალვა ალავერდაშვილი - საქართველოში კლინიკიდან პაციენტების სარეაბილიტაციო სანატორიუმებში გაწერის პრაქტიკა თითქმის არ არსებობს

საქართველოში თითქმის არ არსებობს პაციენტების საავადმყოფოებიდან სარეაბილიტაციოდ სანატორიუმებში გაწერის პრაქტიკა, საავადმყოფოებს არა აქვთ სარეაბილიტაციო ბაზები, რაც სამკურნალო-განაჯანსარებელი ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა,  შალვა ალავერდაშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

გადაცემაში სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მხრივ არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. დისკუსიის ფორმატში აღინიშნა, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი ბუნებრივი პოტენციალი აქვს, რომელსაც მაღალმხარჯველუნარიანი მქონე ტურისტების ნაკადისა და უცხოური ვალუტის სტაბილური შემოდინების უზრუნველყოფა შეუძლია, თუმცა ფაქტობრივად აუთვისებელია. ერთ-ერთ შემფერხებელ ფაქტორად საავადმყოფოებიდან პაციენტების პირდაპირ სახლში გაშვების პრაქტიკა დასახელდა, რადგან კლინიკებს შესაბამისი სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ.

ალავერდაშვილის აზრით, ძალიან ბევრი უცხოელი პაციენტი, რომელიც საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდის, სანატორიუმში გამაჯანსაღებელ პროცედურებზე უარს არ იტყვის, უბრალოდ მათ სურთ, სანდო ხელში აღმოჩნდნენ და შესაბამისი კვებისა და მოვლის რეჟიმი ჰქონდეთ.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს მიაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე გამოსავალი სასტუმროებისა და კლინიკების თანამშრომლობაში მდგომარეობს.

„სასტუმროები სარეაბილიტაციო ტურიზმის მიმართულებით მარტო ვერ ვიმოქმედებთ. ერთი თვის წინ წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან გვქონდა გასვლითი შეხვედრა და თანამშრომლობის პირველ პრეცედენტს ვქმნით: დავით ტატიშვილის კლინიკა ჩვენთან, ბორჯომი-ლიკანში პირველ სარეაბილიტაციო ცენტრს გააკეთებს. საქართველოში თითქმის არ არსებობს საავადმყოფოებიდან სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მიმართულებით პაციენტების გაწერის პრაქტიკა. როდესაც პაციენტი ტოვებს კლინიკას, ფაქტობრივად ყოველთვის სახლში მიდის. ძალიან ბევრი საავადმყოფო გვაქვს, სადაც საერთაშორისო პაციენტები სამკურნალოდ ჩამოდიან, მაგრამ ამ საავადმყოფოებს არ აქვთ სარეაბილიტაციო ბაზები. სასტუმროები ვთავაზობთ კლინიკებს, რომ ჩვენთან გააკეთონ სარეაბილიტაციო ბაზები. ეს არის მინიმალური კაპიტალდაბანდება, ჩვენ ვაძლევთ ინფრასტრუქტურას და მეორე მხარემ უნდა უზრუნველყოს სარეაბილიტაციოდ საჭირო აპარატურა, მოგვაწოდოს გადამზადებული მედპერსონალი, რომ პაციენტმა თავი დაცულად იგრძნოს“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.