ლუკა ლაცაბიძე ოდესის „ჩერნომორეცის“ ფეხბურთელი გახდა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი გუნდის ახალი ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძეა. 20 წლის მემარჯვენე თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, რომლის მთავარ გუნდშიც რამდენიმე მატჩი ჩაატარა. იყო საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. ლუკა ოდესაში 34-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ქართველი მოთამაშე „შახტარში“ „დინამო თბილისიდან“ თებერვალში გადავიდა, მაგრამ დონეცკელთა პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია. 20 წლის ცენტრალური მცველი ამჟამად ბათუმშია და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მოლდოვასთან შეხვედრისთვის ემზადება.
ლუკა ლაცაბიძის ტრანსფერის პირობები არ გახმაურებულა, თუმცა უკრაინული მედია წერს, რომ ეს ერთსეზონიანი იჯარა იქნება.