„შახტარის“ კაპიტანმა ჩაშლილ თამაშზე ისაუბრა - მომხდარის შემდეგ ვინერვიულე, ფეხბურთლების ოჯახების წევრებიც ღელავდნენ #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის თანაგუნდელმა, დონეცკის „შახტარის“ კაპიტანმა, ტარას სტეპანენკომ „კრივბასთან“ მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელიც საჰაერო დაბომბვის გამო შეწყდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო. მან ასევე იმ რთულ პირობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც თამაშების გამართვა უწევთ.
„ასეთი მატჩების დასრულების გამოცდილება გვაქვს, რამდენჯერმე შენობაში თავის შეფარება მოგვიხდა. „დნიპროსთან“ შეხვედრის დასამთავრებლად ექვსი საათი დაგვჭირდა. ეს ადვილი არა არის, მაგრამ გვესმის, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ფრონტისპირა ქალაქები ყოველთვის რისკის ქვეშ არიან და ჩემპიონატის ორგანიზატორები ასეთ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების მიზნით იღებენ.
„კრივბასთან“ მატჩის დასრულება გვინდოდა, მით უმეტეს, რომ გადატვირთული განრიგი გვაქვს. კრივოი როგში მოხვედრა რთულია, აქ ხშირადაა საჰაერო იერიშები. მატჩის დასრულება 23:00 საათამდე, კომენდანტის საათის დაწყებამდე შეიძლებოდა, მაგრამ იქ ჯერ კიდევ ისმოდა განგაშის სიგნალი და გვესმის, რომ ასეთ პირობებში თამაში რთულია.
მომხდარის შემდეგ ვინერვიულე, ფეხბურთელების ოჯახების წევრებიც შეწუხდნენ, ძალიან ღელავდნენ. აქ მოთამაშე უცხოელების შიშიც გასაგებია – ასეთ გარემოში თამაში რთულია და ტურნირის ორგანიზატორებმა უსაფრთხოებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ“, – განაცხადა სტეპანენკომ.