„სფეის იქსმა“ ოთხი ასტრონავტი კოსმოსურ სადგურზე მეორადი რაკეტითა და კაფსულით გაუშვა — #1tvმეცნიერება
„სფეის იქსმა“ ოთხი ასტრონავტი კოსმოსურ სადგურზე მეორადი რაკეტითა და კაფსულით გაუშვა — #1tvმეცნიერება

„სფეის იქსმა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟი მესამედ გაუშვა, მაგრამ ამჯერად, მეორადი რაკეტითა და კოსმოსური ხომალდით.

მისია Crew-2-ში ამჯერად ევროპელი და იაპონელი ასტრონავტებიც შედიან. გაშვებიდან რამდენიმე წუთში, კაფსულა Crew Dragon-ი ორბიტაზე გავიდა, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კი დაახლოებით 23 საათში მიუერთდება.

მისიაში მონაწილეობენ ფრანგი ასტრონავტი ტომას პესკე, ამერიკელი შეინ კიმბრუ და მეგან მაკართური და იაპონელი აკიჰიკო ჰიშიდი.

„სფეის იქსის“ ახალი ტრადიციის შესაბამისად, ასტრონავტები რაკეტასთან Tesla-ს მარკის თეთრი მანქანებით მივიდნენ; იქვე იყო ილონ მასკიც.


მანქანებს ემბლემაზე ეწერათ “recycle” (ხელახლა გადამუშავება), “reuse” (ხელახლა გამოყენება) და “reduce“ (შემცირება), რითაც „სფეის იქსმა“ ხაზი გაუსვა იმას, რომ რაკეტა Falcon 9-ც და კაფსულა Crew Dragon-იც უკვე გამოყენებული იყო წინა მისიებში.

უკვე გამოყენებული რაკეტებით ფრენა დანახარჯების დაზოგვის ამოსავალი წერტილია, რის გამოც NASA-მ კერძი სექტორთან თანამშრომლობა დაიწყო.

NASA-სთან გაფორმებული მრავალმილიარდიანი კონტრაქტის ფარგლებში, „სფეის იქსმა“ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები უკვე მესამედ წაიყვანა.

პირველი მისია 2020 წლის მაისის ბოლოს შედგა და დაასრულა ამერიკელთა ცხრაწლიანი დამოკიდებულება რუსულ რაკეტებზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების აყვანა-ჩამოყვანისთვის. იქამდე, NASA კოსმოსური შატლის პროგრამას იყენებდა, რომელიც 2011 წელს დახურა.

მისია Crew-2-ის წევრები სადგურზე ექვსი თვის განმავლობაში დარჩებიან და დაახლოებით ასამდე ექსპერიმენტს ჩაატარებენ. მათ შორის იქნება ე. წ. ქსოვილის ჩიპები — ადამიანის ორგანოების პატარა მოდელები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან შედგება და იყენებენ ისეთი საკითხების შესასწავლად, როგორიც არის დაბერება და იმუნური სისტემა, თირკმლის ფუნქცია და კუნთების ატროფია.

მისიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სადგურის მზის ენერგიის სისტემის განახლება — ასტრონავტები ახალ, კომპაქტურ პანელებს დაამონტაჟებენ.

გაშვებიდან რამდენიმე წუთში, რაკეტა Falcon 9 უკან დაბრუნდა და ოკეანეში მდგარ სპეციალურ გემზე დაჯდა. ამასობაში კაფსულა ორბიტაზე მოძრაობს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს კი 23 საათის შემდეგ მიუერთდება.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი