ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ლიდერი, „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში თავისი შედეგებით. არადა, ბრიტანელს წელს 12 ჩატარებული რბოლიდან რვა აქვს მოგებული.
„სეზონის პირველ ნაწილში მე მოვიგე 12-დან რვა ეტაპი. და ეს ცოტაა. აქ რაღაც არ მყოფნის. ეს ნიშნავს, რომ გარკვეულ უქმეებზე ჩვენ არასაკმარისად კარგები ვიყავით.
იყო რბოლები, სადაც, უბრალოდ, გაგვიმართლა. „ფერარი“ სწრაფი იყო, მაგრამ შეცდომებს უშვებდა ან პრობლემები ჰქონდა ტექნიკასთან. ასე მოხდა ბაჰრეინში, როცა მათ გარანტირებული გამარჯვება დაკარგეს.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არაფერი გვაქვს გარანტირებული. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „მერსედესში“ არავინ არ ზის გულხელდაკრეფილი და არ ფიქრობს, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ“, – მოჰყავს ჰემილტონის სიტყვები „სქაი სპორტს“-ს (Sky Sports).