სეზონი მოყვარულმა ფეხბურთელებმაც განაახლეს
სეზონი მოყვარულმა ფეხბურთელებმაც განაახლეს

საქართველოს მოყვარულთა თასის გათამაშება განახლებული ფორმატით დაიწყო. თბილისის ლიგა 16 გუნდით დაკომპლექტდა და გათამაშება ორის ნაცვლად, ერთ წრედ გაიმართება.

ვარკეთილის საფეხბურთო ცენტრი მოედანზე გამართულ პირველ შეხვედრაში ერთმანეთს „გრასრუტი“ და „ირაო” დაუპირისპირდნენ და მატჩი „ირაოს“ გამარჯვებით ანგარიშით 5:1 დასრულდა. მოყვარულთა თასის პირველი ტურის სხვა მატჩები 15, 16 და 17 აგვისტოს ჩატარდება.

ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით იმართება – მატჩები „კოვიდ-19“-ის პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდება.

მოყვარულთა ლიგა 2-ში 32 გუნდი „ა“ და „ბ“ ჯგუფებში თანაბრად გადანაწილდება და მატჩები ამ ლიგაშიც ერთ წრედ გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები ლიგა 1-ის საგზურს მოიპოვებენ, მესამეადგილოსანი კი, პლეი-ოფით გამოვლინდება.​

მოყვარულთა რეგიონულ ლიგა კი სექტემბრიდან განახლდება -მთელი ქვეყნის მასშტაბით გუნდები რვა ლიგაში ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდებიან.