სეზონი ჯერ არ დაწყებულა, შენგელიამ უკვე მეორე თასი მოიგო
სეზონი ჯერ არ დაწყებულა, შენგელიამ უკვე მეორე თასი მოიგო

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გომელსკის თასი მოიგო. შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ გომელსკი ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და ქართველებისადმი დიდი სიმპათიით იყო გამსჭვალული.

მისი სახელობის მემორიალი მეტად საპატიო შეჯიბრებაა, რომელშიც საბერძნეთის, იტალიისა თუ ესპანეთის ტოპ-კლუბები მონაწილეობენ. წლეულსაც უნდა ჩამოსულიყვნენ „მილანი“ და „პანათინაიკოსი“, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო რუსებს ბოლო მომენტში უარი შეუთვალეს. შესაბამისად, მონაწილე შემადგენლობაც მეტად სუსტი შეირჩა. 

თავად განსაჯეთ: შენგელიას ცსკა-მ ნახევარფინალი მოსკოვის მბა-ს 106:59 მოუგო, ხოლო დღეს, 18 სექტემბერს, ფინალში „პარმას“ 91:51 სძლია.

ეს იტალიური „პარმა“ არ გეგონოთ – პერმის გუნდია, რომელიც პირველ ტაიმში 51:24 აგებდა… საფინალო ანგარიში უკვე მოგახსენეთ.

თორნიკე შენგელიამ სულ 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (10-დან 5 ორქულიანი), 3 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მოაგროვა. 14 ქულით მატჩის ბომბარდირი დარენ ჰილარდი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ხუთიოდე წლის წინ გომელსკის თასი ცსკა-სთან ერთად მანუჩარ მარკოიშვილსაც აქვს მოგებული. რაც შეეხება შენგელიას, ეს მისთვის მეორე თასია მოსკოვში გადასვლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა. ერთი კვირის წინ ცსკა-მ პეტერბურგში ნევის თასი მოიგო.

დატოვე კომენტარი