სევასტოპოლში სამხედრო მოსამსახურემ თანამებრძოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა ოთხი ადამიანი
მედიის ცნობით, ანექსირებული სევასტოპოლის სოფელ ხმელნიცკოეში სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გაუხსნა თანამებრძოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ამის შესახებ ანექსირებული ქალაქის ე.წ. ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, თავდაპირველად სამხედრომ თანამებრძოლებს ესროლა. შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. შემდეგ თავდამსხმელმა კიდევ სამი ადამიანი დაჭრა და სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა – ორი მამაკაცი (59 და 71 წლის) და 64 წლის ქალი.
რაზვოჟაევის განცხადებით, დამნაშავე დაკავებულია, ხოლო დაშავებულებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
მომხდარის სხვა დეტალები, მათ შორის თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია.