სეუტაში მიგრანტების ხელახალი შეჭრის მოწოდების ფონზე, მაროკომ და ესპანეთმა საზღვრის უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დააკავა ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სეუტასა და მელილიაში უკანონოდ შეღწევის ახალი მცდელობების წაქეზებაში არიან ეჭვმიტანილი.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოწოდებების თანახმად, მიგრანტების მასობრივი გადასვლა საზღვარზე დღეს, 15 აგვისტოს უნდა მომხდარიყო.
მაროკოს ხელისუფლების განცხადებით, ბოლო დღეებში უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებით გამკაცრდა. სასაზღვრო ქალაქ ფნიდეკში ხელისუფლებამ დამატებითი ბარიერები, მათ შორის მავთულხლართები დაამონტაჟა. საზღვარზე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
პარალელურად, სეუტაში ამჟამად ესპანეთის ეროვნული პოლიციის 880 თანამშრომელია მობილიზებული. მათ დამატებით დაახლოებით 2 000 სამხედრო და სამოქალაქო გვარდიის 700 თანამშრომელი ეხმარება.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ათიათასობით მიგრანტმა სცადა მაროკოს ტერიტორიიდან ესპანეთის ანკლავ სეუტაში შეღწევა. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებით, ქალაქში უკანონოდ დაახლოებით 60 ათასი ადამიანი შევიდა. სეუტაში განვითარებული მიგრაციული კრიზისის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა.
ესპანეთის მთავრობის ინფორმაციით, მიგრანტების უმრავლესობა რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში მაროკოში დაბრუნდა. ამჟამად სეუტაში დაახლოებით 5 000 მიგრანტი იმყოფება.