სეუტა: ასობით მიგრანტი უკან, მაროკოში ბრუნდება

12:58, 01.08.2026
2026 წლის 31 ივლისს, მაროკოსა და ესპანეთის საზღვარზე, ფნიდეკის მახლობლად მომხდარი შეტაკებების ადგილას შეკრებილი ადამიანები

2026 წლის 31 ივლისს, მაროკოსა და ესპანეთის საზღვარზე, ფნიდეკის მახლობლად მომხდარი შეტაკებების ადგილას შეკრებილი ადამიანები

მაროკოს ტერიტორიაზე მდებარე, ესპანეთს დაქვემდებარებულ ქალაქ სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი არალეგალურად შევიდა. სეუტაში მათი შეჭრა 30 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს პიკს მიაღწია. სწორედ ამ ორ დღეში გადაკვეთა ათიათასობით მიგრანტმა მაროკო-ესპანეთის (სეუტის) საზღვარი, რის შედეგადაც ესპანეთში 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური მიგრაციული კრიზისი დაიწყო. არსებული მონაცემებით, ამ მოვლენებს უკვე 19 ადამიანი ემსხვერპლა. თუმცა, პარასკევს ასობით მიგრანტმა მაროკოში დაბრუნება უკვე დაიწყო.

 

ესპანეთის უსაფრთხოების უწყებების წყაროებმა ესპანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს (RTVE) განუცხადეს, რომ მაროკოში „ყოველ წუთში დაახლოებით 200 ადამიანი ბრუნდება“.

უკან ისინი ტარახალის საზღვაო ჯებირის გავლით შედიან. ეს ნაგებობა სეუტის სიახლოვეს, იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ესპანეთსა და მაროკოს შორის საზღვარი, სეუტას გასწვრივ, ზღვას უერთდება.

მიგრანტების დაბრუნება მას შემდეგ დაიწყო, რაც ავტონომიურ ქალაქ სეუტაში არმია განათავსეს. მასთან ერთად, არეულობის ადგილზე გაიგზავნა ესპანეთი ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის (ჟანდარმერიის) 400 თანამშრომელი, რათა სრულ ქაოსსა და ძალადობრივ ინციდენტებს გამკლავებოდნენ.

ბოლო საათების განმავლობაში, მაროკოს მხარეს, ტარახალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაროკოს პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის, რომელთა ნაწილს სახე ნიღბებით ჰქონდა დაფარული, შეტაკებები მოხდა. ამავე დროს, ათასობით ადამიანი – ძირითადად არასრულწლოვანი ბიჭები და ბავშვიანი ოჯახები – თავს ახლომდებარე ბორცვებს აფარებდნენ.

 

სტატიის ავტორი: სუსანა სამონი, ესპანეთის რადიოსა და ტელევიზიის კორპორაცია (RTVE – Corporación de Radio y Televisión Española)

 

ფოტოს ავტორი: აბდელ მაჯიდ ბზიუატი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

 

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 31 ივლისი, 2026 წელი, 12:40 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

 

მსგავსი