სეულში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
სეულში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის, Wine21.com-ის ორგანიზებით, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით კორეის დედაქალაქში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სეულში გამართული ღონისძიება მოიცავდა პროფესიულ მასტერკლასს და დეგუსტაციას  60-მდე მოწვეული სტუმრისთვის, რომელთა შორის მეღვინეობის დარგის ექსპერტები, სომელიეები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუენსერები იყვნენ.

დეგუსტაციას კორეელი ღვინის მწერალი სანგმი კიმი უძღვებოდა.

აზიის რეგიონში კორეის რესპუბლიკა, ჩინეთსა და იაპონიასთან ერთად, ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება იმართება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Wine21.com-ი კორეის რესპუბლიკაში ღვინის ყველაზე მსხვილი ონლაინ პორტალია, რომელიც შექმნილია დარგის ექსპერტების მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს ამომწურავ ინფორმაციას კორეის ბაზარზე არსებული ღვინოების შესახებ. კომპანია ასევე ახორციელებს PR და მარკეტინგულ საქმიანობას.