სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა. შესაბამის ბრძანებას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აწერს ხელს.

ბრძანების თანახმად, სუბიექტებს ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის წარდგენა 2019 წლის პირველი იანვრიდან 30 აპრილამდე შეეძლებათ. თავდაპირველად კი, ვადა 31 მარტამდე იყო განსაზღვრული.

„სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია, განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება“, – აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ ბრძანებაში.

2019 წლის პირველი იანვრიდან სესხის გამცემი პირი, რომელიც 20-ზე მეტ პირზე გასცემს სესხს ვალდებულია, ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდეს. სესხის გამცემი სუბიექტის სარეგისტრაციო მოსაკრებელი 10 000 ლარია.