სერვისების განვითარების სააგენტო - მამუკა ხაზარაძის თქმით, წინასაარჩევნოდ მისი მეგობრის ბინაში 17 ადამიანი იყო ჩაწერილი, თუკი დაასახელებს, ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ
სერვისების განვითარების სააგენტო - მამუკა ხაზარაძის თქმით, წინასაარჩევნოდ მისი მეგობრის ბინაში 17 ადამიანი იყო ჩაწერილი, თუკი დაასახელებს, ამ ინფორმაციას გადავამოწმებთ

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

უწყება ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, არჩევნების წინა პერიოდში მისი მეგობრის საცხოვრებელ ფართში 17 ადამიანი იყო ჩაწერილი.

„ხაზარაძის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების წინა პერიოდში მისი მეგობრის საცხოვრებელ ფართში 17 ადამიანი იყო ჩაწერილი. თუმცა, მას არ დაუსახელებია არც თავისი მეგობრის, არც მის ბინაში რეგისტრირებული პირების ვინაობა ან მისამართი. ამ ინფორმაციის დასახელების შემთხვევაში, სერვისების განვითარების სააგენტო ინფორმაციას აუცილებლად გადაამოწმებს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირი იყო დეზინფორმაციის გავრცელება ბინებში უცხო პირების მიწერასთან დაკავშირებით. ყველა ამ სახის ინფორმაციაზე სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა და გადაამოწმა ისინი, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ყველა მათგანი, გამონაკლისის გარეშე, იყო სიყალბე და ემსახურებოდა მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. მაგალითად, 31 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ ორი ახალგაზრდა ზვიად გელოვანი (დაბადებული 1997 წელს) და ნოდარ გელოვანი (დაბადებული 2000 წელს) გარდაცვლილებად გამოაცხადა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში გარდაცვლილები არიან ამ ორი ახალგაზრდის იმავე.

სახელისა და გვარის მქონე წინაპრები და ისინი საარჩევნო სიაში, რა თქმა უნდა, არ იყვნენ. სერვისების განვითარების სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ერთი პირის ორ მისამართზე რეგისტრაცია არა მხოლოდ კანონითაა აკრძალული, არამედ ტექნიკურადაც შეუძლებელია. სერვისების განვითარების სააგენტოს პროგრამა, მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას, ავტომატურად, აუქმებს რეგისტრაციის ძველ მისამართს, სხვაგვარად მოქალაქე ახალ ადგილას ვერ დარეგისტრირდება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი რამდენიმე საცხოვრებელს ფლობს, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთ-ერთ მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული“, – აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.