მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი, „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში განზრახ ყვითელი ბარათის მიღების გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
რამოსს ორი ყვითელი ბარათის მიღებისთვის ერთი მატჩი უნდა გამოეტოვებინა. ეს უნდა ყოფილიყო „აიაქსთან“ განმეორებითი თამაში. მაგრამ უეფამ დაადგინა, რომ ესპანელმა ამსტერდამული მატჩის 89-ე წუთზე შეგნებულად მიიღო გაფრთხილება, რათა მომდევნო ეტაპებზე მატჩების გამოტოვება თავიდან აეცილებინა. შესაბამისად, მას კიდევ ერთ მატჩში თამაში აუკრძალეს. ასე რომ, თუ „რეალი“ მეოთხედფინალში გავა, რამოსი ამ ეტაპის პირველ მატჩს ვერ ჩაატარებს.
„რეალისა“ და „აიაქსის“ განმეორებითი მატჩი ხუთ მარტს ჩატარდება. პირველი შეხვედრა ესპანურმა გუნდმა ანგარიშით – 2:1 მოიგო.