სერხიო რამოსი, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრებში დაბრუნდეს.
როგორც გაზეთი AS-ი წერს, ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე დაელაპარაკება „პარი სენ-ჟერმენის“ მცველს პოტენციურ კაპიტნებთან შეხვედრების რანგში, რომელსაც დე ლა ფუენტე ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ატარებს.
რამოსი, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი მატჩია ესპანეთის ნაკრებში (180), შეიძლება მიიწვიონ ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მარტის მატჩებზე ნორვეგიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენს თავს უახლოეს რამდენიმე კვირაში.
თუ სერხიო რამოსი ვერ მოხვდება ესპანეთის განაცხადში, კაპიტნის სამკლაურზე კანდიდატები იქნებიან ჟორდი ალბა (91 მატჩი ესპანეთის ნაკრებში), კოკე (70), ალვარო მორატა (61) და სესარ ასპილიკუტა (44).
სერხიო რამოსმა თავისი ბოლო მატჩი ესპანეთის ნაკრებში ორი წლის წინ ჩაატარა, კერძოდ, 2021 წლის მარტში კოსოვოს წინააღმდეგ. 36 წლის მცველი ვერ მოხვდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის განაცხადში.