„რეალ მადრიდის“ მცველმა სერხიო რამოსმა, რომელთან ჭიდილშიც „ლივერპულის“ თავდამსხმელმა მუჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერიოზული ტრავმა მიიღო, ამ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ეს ეპიზოდი ასეთი სალაპარაკო თუ გახდებოდა, არ ეგონა.
‘რა გითხრათ? არ მეგონა, ასე თუ გააბუქებდნენ. ვიდეო ვნახე და აშკარად ჩანს, რომ მან პირველმა ჩამავლო მკლავზე ხელი. ესეც რომ არა, მე მეორე მხარეს დავეცი და სალაჰმაც მეორე მხარზე მიიღო ტრავმა, და არა იმაზე, რომლითაც ჩემზე იყო ჩაჭიდებული. საერთოდ, მეჩვენება, რომ მიზეზებს ეძებენ. კარიუსმაც მე დამაბრალა თავისი შეცდომები, სერხიო რამოსს რომ დავეჯახე, ორიენტაცია დავკარგეო. რაღა დარჩა? ალბათ ფირმინომ უნდა თქვას, რომ გაციებული იყო, რადგან ჩემი ოფლის წვეთი დაეცა’, – განაცხადა სერხიო რამოსმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდული სამეფო კლუბის გამარჯვებით, 3-1 დასრულდა.