სერხიო რამოსი კარიერის დასრულებას „რეალში“ აპირებს
სერხიო რამოსი კარიერის დასრულებას „რეალში“ აპირებს

მადრიდის „რეალის” მცველს სერხიო რამოსს კარიერის დასრულება „სამეფო კლუბში“ სურს. ამის შესახებ საკუთარ “ტვიტერში“ დაწერა ნიკოლო სკირამ.

წყაროს ცნობით, 34 წლის ესპანელი არ ფიქრობს სხვა კლუბში გადასვლას. მისი მიმდინარე კონტრაქტი 2021 წლის ივნისში იწურება. რამოსმა ითხოვა ხელშეკრულების 2023 წლამდე გაგრძელება, მაგრამ კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მცველს „1+1“ სქემით სთავაზობს ახალ კონტრაქტს.

ორშაბათს, რამოსი არ მივიდა პრესკონფერენციაზე ერთა ლიგის მატჩის წინ, რომელშიც ესპანეთმა გერმანიის ნაკრებს უნდა უმასპინძლოს. ფეხბურთელმა იცოდა, რომ მას „რეალთან“ ახალი კონტრაქტის შესახებ დაუსვამდნენ კითხვებს და არ მოისურვა ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ სერხიო რამოსი მოლაპარაკებებს აწარმოებს „პარი სენ-ჟერმენთან“. პარიზული კლუბი მზად არის 34 წლის ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს და წელიწადში 16.8 მილიონი ევრო გადაუხადოს.