სერია A-ში ლიდერებმა მოიგეს - „იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა
სერია A-ში ლიდერებმა მოიგეს - „იუვენტუსმა“ „ლაციოსთან“ ოთხქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა

იტალიის ჩემპიონატის 29-ე ტურში გაიმართა მატჩები ლიდერების მონაწილეობით. „იუვენტუსი“ სტუმრად გენუაში თამაშობდა „ჯენოას“ წინააღმდეგ და 3:1 მოიგო.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ტურინელებმა მეორე ნახევარში ზედიზედ სამი გოლი გაიტანეს. 50-ე წუთზე ანგარიში პაულო დიბალამ გახსნა. ექვსი წუთის შემდეგ, კრიშტიანო რონალდომ შორეული ეფექტური დარტყმით ორამდე გაზარდა სტუმრების უპირატესობა, 73-ე წუთზე კი დუგლას კოშტას ასევე ეფექტური მოჭრილი დარტყმა ზუსტად ცხრიანში შევარდა და ანგარიში 3:0 გახდა. დაახლოებით სამ წუთში, „ჯენოას” ფორვარდმა ანდრეა პინამონტიმ სხვაობა შეამცირა.

„იუვენტუსისთვის“ ეს იყო ზედიზედ მეექვსე მოგება.

ამ მატჩამდე რომის „ლაციომ“ სტუმრად დაამარცხა „ტორინო“ – 2:1. ასე რომ, „იუვენტუსსა“ და „ლაციოს“ შორის ქულათა სხვაობა არ შეცვლილა და ის ოთხ ქულას შეადგენს ტურინელთა სასარგებლოდ.