სერია A-ს კლუბებს დაავალდებულებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომელიც მათ სუპერლიგაში გამოსვლას აუკრძალავს #1TVSPORT
სერია A-ს 2024-25 წლების სეზონის წინ რეგისტრაციისას კლუბებს აიძულებენ, ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, მათ არ შეეძლებათ ევროპის სუპერლიგის პროექტში გაწევრიანება.
ამ ინფორმაციას გამოცემა Calcio e Finanza ავრცელებს. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერა კლუბებს ავალდებულებს, არ მიიღონ მონაწილეობა ნებისმიერ ტურნირში, რომელიც არ იქნება აღიარებული ფიფას, უეფას ან იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. თუ კლუბები დოკუმენტზე ხელის მოწერაზე უარს იტყვიან, ვერ მიიღებენ ლიცენზიას და ვერ შეძლებენ სერია A-ს გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას.
შეგახსენებთ, რომ, თავდაპირველი გეგმით, სუპერლიგის პროექტში მიწვეული იყო მხოლოდ სამი იტალიური კლუბი – „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „მილანი“.