სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელიას  განცხადება, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები არიან არაკეთილსინდისიერები, აბსურდია  
სერგო მეთოფიშვილი - ეკა ბესელიას  განცხადება, რომ წინა ხელისუფლების დროინდელი მოსამართლეები არიან არაკეთილსინდისიერები, აბსურდია  

ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადება, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მომუშავე მოსამართლეები არიან არაკეთილსინდისიერები, ჩემთვის პირადად, მიუღებელია,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას განცხადება აბსურდია და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება.

„ეს არის შეურაცხყოფა, აბსურდი, რაც ისევ და ისევ, ალბათ, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ემსახურება. ვფიქრობ, ქალბატონი ეკა ბესელია ამით ზიანს მიაყენებს არა მხოლოდ სასამართლო სისტემას, არამედ მის დამოუკიდებლობას და საერთოდ, სახელმწიფოს. არაერთხელ ვთქვით, რომ თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში უზენაეს სასამართლოში მოსამართლე ადის კარიერული კიბის მეშვეობით. თუ არ იმუშავა 5-10 წელი სასამართლო სისტემაში, ისე ვერ მოხვდება უზენაეს სასამართლოში. დღეს ქალბატონი ეკა ბესელია გვთავაზობს სულ სხვა რამეს. ანუ, ვინაიდან არიან „არაკეთილსინდისიერი” მოსამართლეები, მოიფიქრა გამოსავალი, რომ უზენაესი სასამართლო დავაკომპლექტოთ მხოლოდ გარედან და არა შიგნიდან. ეს არის აბსურდი, სასამართლო სისტემის შეურაცხყოფა“,-განაცხადა სერგო მეტოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის თქმით, მისი განცხადება არ არის პოლიტიკური და როგორც საბჭოს წევრი, ვალდებულია, დაიცვას სასამართლო სისტემა.

„ვალდებულება მაქვს, დავიცვა სასამართლო სისტემა. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რატომ აკეთებს ამას ქალბატონი ეკა ბესელია?! პასუხი ერთია, ჩემი აზრით, ის ცდილობს სასამართლო სისტემაში შეიყვანოს მისთვის მისაღები ხალხი, მისთვის სასურველი ადამიანები. ამ ეტაპზე  ვგულისხმობ ქალბატონ ეკა ბესელიას, ბატონ ლევან გოგიჩაიშვილს და მათნაირ პოლიტიკოსებს. ისინი ცდილობენ, შეიყვანონ თავიანთი ხალხი სასამართლო სისტემაში და სასამართლო დაიმორჩილონ, გავლენა მოახდინონ სასამართლო სისტემაზე. ეს დაუშვებელია. ბატონ,ლევან გოგიჩაიშვილს მივმართავ და ვეტყვი, რომ ის მუქარა, რომელიც ახლა მის განცხადებებში ჟღერს, რომ კანონით დაშლის საბჭოს და ა.შ. ისტორიას ჩაბარდა. ასეთი პოლიტიკოსების და ასეთი განცხადევების დღეს არავის ეშინია. სასამართლო არის ცდუნება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ძველ დროსაც ასე იყო. სამწუხაროა, რომ შვიდი წლის თავზე ქალბატონმა ეკა ბესელიამ ვეღარ გაუძლო ამ ცდუნებას“,-განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას არ მოსწონს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და თანამდეროვე, დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკა.