სერგო ჩიხლაძე - თუ ვერ მოვილაპარაკეთ, სავსე ხელებით როგორ მიდიან, კონიაკით დატვირთულები მიდიან ევროკავშირში?
იმედი გვაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ისევ და ისევ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებზეც შევთანხმდით ღარიბაშვილი, ოპოზიცია და შარლ მიშელი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ძალიან შემაშფოთებელი იყო, რომ ფაქტობრივად ჩაიშალა და არ შედგა შეთანხმება. როდესაც ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვიყავით, „ქართული ოცნების“ გამო ფაქტობრივად ჩაიშალა ეს შეხვედრა, მაგრამ დამაიმედებელია, რომ ეს დიალოგი გაგრძელდება ხვალ და არის შანსი, მოლაპარაკებებზე წინ წავიდეთ. ოპოზიციის პოზიციები არის იგივე, რაც იყო ბოლო შეხვედრაზე, როდესაც დაშორდნენ ოპოზიციის ლიდერები და ბატონი დანიელსონი, ველოდებოდით „ოცნების“ შემხვედრ წინადადებებს და ამის შემდეგ თითქოს ჩაიშალა მოლაპარაკება. იმედი გვაქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ გარკვეული კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ისევ და ისევ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებზეც შევთანხმდით ღარიბაშვილი, ოპოზიცია და შარლ მიშელი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დარჩა.
„მათი მედიაციის გარეშე „ოცნება“ სამი თვის განმავლობაში მოლაპარაკებაზე ფორმალურადაც არ მოდიოდა. ხელისუფლებაზე ერთადერთი წნეხი და გარანტი არის ევროკავშირი და მისი წარმომადგენელი. კარგია, რომ დარჩა. ის რომ წასულიყო, შეიძლება საერთოდ აღარ გაგრძელებულიყო მოლაპარაკებები“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
კითხვაზე, ვადამდელი არჩევნების ნაცვლად შემოთავაზებული იყო თუ არა თვითმმართველობის არჩევნებისას პლებისციტის ჩატარება, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ჩვენ გუნდის შიგნით გვქონდა ამ საკითხის განხილვა, თუმცა ის შემოთავაზება, რაც იყო ამ საკითხებზე, ბოლო ვერსია, არ იყო საკმარისი, რათა ჩვენი მხრიდან თანხმობა ყოფილიყო. ამიტომ ველოდებოდით ასევე შემხვედრ წინადადებას, რათა კიდევ უფრო დაახლოებულიყო პოზიციები „ქართული ოცნების“ მხრიდან, რის შემდეგადაც შეხვედრა აღარ შედგა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
კითხვაზე, საბოლოო ვერსია, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა მათი თანხმობისთვის, იყო თუ პლებისციტთან დაკავშირებული, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ამას არ ადასტურებს.
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ბრიუსელში სავსე ხელებით მიდის, ხოლო ცარიელი ხელებით დარჩენილია ოპოზიცია, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ პრემიერი ბრიუსელში სავსე ხელებით ვერ წავა, რადგან შეთანხმება არ შემდგარა.
„ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის, თუ ღარიბაშვილი წავა ცარიელი ხელებით. კი ამტკიცებს, რომ სავსე ხელებით მივდივართო, გასაოცარი განცხადებაა, მაგრამ ფაქტია, რომ სავსე ხელებით ვერ წახვალ, როცა შეთანხმება არ გაქვს, როდესაც ოპოზიცია არ ეთანხმება არც ერთ პუნქტს და საერთოდ არც ერთ პუნქტზე შეთანხმება არ არის და საერთოდ ეს არ არის სავსე ხელებით წასვლა. აბსოლუტურად განსხვავებულია ხელისუფლების განცხადება დილით გაკეთებული და აბსოლუტურად განსხვავებულია, როდესაც ჩვენ გვეძახის გაკოტრებულ პოლიტიკურ ძალებს, ქუჩაში დარჩენილებს და აგდებულად მოიხსენიებს, ამბობს რომ თვითონ სავსე ხელებით მიდიან. ჩვენ თუ ვერ მოვილაპარაკეთ, სავსე ხელებით როგორ მიდიან, კონიაკი „სარაჯიშვილით“ დატვირთულები მიდიან ევროკავშირში?“, – დასძინა სერგო ჩიხლაძემ.