სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში, ურთიერთკომპრომისის გარეშე შეთანხმება არ მიიღწევა
სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში, ურთიერთკომპრომისის გარეშე შეთანხმება არ მიიღწევა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში. ურთიერთკომპრომისისთვის ორივე მხარე მზად უნდა იყოს, რადგან მის გარეშე შეთანხმება არ მიიღწევა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მეტი ბერკეტი აქვს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის.

„ქართული ოცნების“ მხრიდან ბოლო რაუნდზე წინადადებაც არ შემოსულა თითოეულ პუნქტზე, არათუ ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრებზე, არამედ სასამართლოსა და საარჩევნო სისტემაზეც კი. ის წინასწარ შეთანხმებული საკითხები უკანვე გაიტანა ხელისუფლებამ. ამიტომ არ მისულა საუბარი ამ ორ მნიშვნელოვან თემამდე. ყველა საკითხზე, მათ შორის იმ საკითხებზეც, რომელზეც გვეგონა, რომ გარკვეული თანხმობა მიღწეული იყო. როგორიც არის სასამართლო რეფორმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილების საკითხები, ამ საკითხებზეც „ქართულმა ოცნებამ“ არ თქვა თანხმობა და უკან გაიწვია, ამიტომ ამის მერე რომ გველაპარაკა, შემდეგი ნაბიჯი არ ყოფილა. „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა ეს საკითხი და ვერავინ მიიღო გადაწყვეტილება, თავად მოდერატორმაც ვერ მიიღო გადაწყვეტილება და შეწყდა მოლაპარაკებები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

მისი განცხადებით, თუ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაწყდა, შეთანხმება ვერ შედგება.

„ჩვენ ვეთანხმებით და ვითვალისწინებთ ჩვენი პარტნიორების აზრს. ჩვენი პოზიცია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ არის, რომ ორივე მხარე ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები უნდა წავიდნენ მოლაპარაკებასა და კომპრომისზე. ორმხრივი შემხვედრი წინადადებები უნდა არსებობდეს და შემხვედრი უნდა იყოს ეს კომპრომისი. რა თქმა უნდა, 100 პროცენტით ერთმა მოიგოს და მეორე ნოლი პროცენტით დარჩეს, ასე არ შეიძლება. როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, ისინი ცარიელი ხელებით უნდა იყვნენ და ჩვენ სავსე ხელებითო. ასე არ გამოვა.

ჩვენ ყოველთვის ვთვლით, რომ მოლაპარაკებებს აქვს აზრი და მზად ვართ. მაგრამ ის თუ რამდენად პროდუქტიული იქნება, ეს „ოცნებაზეა“ დამოკიდებული. ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებიც ამბობენ, მეტი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს დათმობებზე წასვლა, ამას იმედოვნებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც და დათმობა იქნება ორმხრივი. აქ არ არის ის, რომ ვიღაც მოიგებს ან წააგებს. შეთანხმება მხოლოდ ასე შედგება. ოღონდ ყველა საკითხზე. თუ პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ გადაწყდა, შეთანხმება ვერ მოხდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.