სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს და „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს
სერგო ჩიხლაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს და „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს

მოლაპარაკების აუცილებლობა კვლავ დღის წესრიგში დგას. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელს“, კომუნიკაცია გვაქვს სხვა კოლეგა პარტიებთან. პრინციპში, ამაზე შეთანხმებული ვართ, რომ თუ მედიაცია გაგრძელდება და იმედი გვაქვს, ევროკავშირის მედიაცია გაგრძელდება, აუცილებლად ჩავერთვებით მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, შეთანხმების მიღწევა აუცილებელია.

„შეთანხმების გარდა, სხვა გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლის გზაზე არ არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს მხოლოდ მედიაციის ფარგლებში განიხილავს. მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ საუბარს „სტრატეგია აღმაშენებელი“ ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, ჩიხლაძე ამბობს, რომ 15 მაისისთვის დაანონსებულია დიდი აქცია. მისივე თქმით, შემდეგი ნაბიჯი იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ამომრჩეველთან.

„აქციები სხვადასხვა დონეზე, როგორც რეგიონში, ასევე ქალაქში იქნება. უბრალოდ, 15 მაისისთვის დაანონსებულია შემკვრელი დიდი აქცია. მანამდე, გარკვეული აქტივობები, აქციებიც და სხვადასხვა ღონისძიება, რა თქმა უნდა, იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. პარალელურად, მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე, ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს ამომრჩეველთან. დავიწყებთ საუბარს მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე. ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა გაიგოს, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლით, კოალიციური მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლით, „ქართული ოცნების“ მშვიდობიანად გაშვების შემდეგ, რას ვთავაზობთ, რა გეგმები გვაქვს და როგორ კოორდინაციაში ვიქნებით ერთმანეთთან“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.