სერგო ჩიხლაძე - შეთანხმების გარეშე ორი-სამი კაცის პარლამენტში შესვლა ვერც მრავალპარტიულობას შექმნის, ვერც „ქართულ ოცნებას“ გააკეთილშობილებს
სერგო ჩიხლაძე - შეთანხმების გარეშე ორი-სამი კაცის პარლამენტში შესვლა ვერც მრავალპარტიულობას შექმნის, ვერც „ქართულ ოცნებას“ გააკეთილშობილებს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების გარეშე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმავე პოზიციაზე რჩება, განსხვავებით ალეკო ელისაშვილისგან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტპატიმრების, ვადამდელი არჩევნებისა და საარჩევნო სისტემის ცვლილების განხილვის გარეშე, მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

„ბოლო პერიოდში ალეკო ელისაშვილთან კონსულტაციები არ გვქონია. მას თავისი პოზიციები აქვს, რომელსაც შეიძლება პატივი ვცეთ, გავიზიაროთ ან არ გავიზიაროთ. ჩვენი პოზიცია კვლავ არის, რომ სამი საკითხის – პოლიტპატიმრები, ვადამდელი არჩევნები და საარჩევნო გარემო – განხილვის გარეშე მოლაპარაკებების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

დალაპარაკებით, რა თქმა უნდა, ყველას დაველაპარაკებით, მაგრამ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც მათ შორის ვადამდელ არჩევნებს გულისხმობს, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმავე პოზიციაზე ვრჩებით, რაზეც აქამდე ვიყავით, განსხვავებით ბატონი ელისაშვილისგან.

მარტო საარჩევნო ცვლილებები არ არის საკმარისი, მაგრამ ამ ცვლილებებიც კი, რასაც ბატონი ელისაშვილი ითხოვს, ამასაც კი არ უკმაყოფილებენ.

ჩვენი პოზიცია ნათელია, ბატონ ელისაშვილის პოზიცია ცოტა განსხვავდება. ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმების გარეშე ორი-სამი კაცის შესვლა ვერც მრავალპარტიულობას შექმნის, ვერც „ქართულ ოცნებას“ გააკეთილშობილებს, ისევე როგორც, ფრიდონ ინჯიამ და გაურკვეველი პარტიის შექმნამ ვერ გააკეთილშობილა ქართული პარლამენტი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.