სერგო ჩიხლაძე – პლებისციტი იყო ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი

11:48, 07.03.2021

მამუკა მდინარაძის განცხადება არის მორიგი არაადეკვატური, რეალობასთან აცდენილი განცხადება. მოლაპარაკებაზე კომპრომისული წინადადებებით, ვინც უნდა მოვიდეს, ეს არის „ქართული ოცნება“, ჩვენ ველოდებით კომპრომისულ წინადადებებს მათგან, – ამის შესახებ „სტრატეგის აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პლებისციტის ჩატარება ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტია.

„ჩვენი შეთავაზება არაფერი არ იქნება, ჩვენი შეთავაზება არის ის ექვსი პუნქტი, რაზეც შევთანხმდით ევროკავშირის პრეზიდენტთან, ეს არის ჩვენი შეთავაზება, ამაზე დათანხმდა, მათ შორის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილიც, ამაზე ვისაუბრებთ ან საერთოდ არ შედგება ეს მოლაპარაკება. „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება იმ მდგომარეობაში არ არის, რომ წითელი ხაზებით ვინმეს ესაუბროს, ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში მოხვდებათ მათ, თუ ამ წითელ ხაზებს არ დაივიწყებენ. პლებისციტი იყო ერთ-ერთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც ოპოზიციაში განიხილებოდა, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საერთოდ ზედმეტად მიმაჩნია ოპოზიციის მხრიდან რაიმე სახის კომპრომისებზე საუბარი. მოლაპარაკების პუნქტები განსაზღვრულია, ერთ-ერთია ვადამდელი არჩევნები და ამაზე უნდა მოვილაპარაკოთ. კომპრომისული წინადადებით უნდა მოვიდეს „ქართული ოცნება“.  ჩვენ ჩვენი კომპრომისული წინადადებები უკვე ამოწურული გავქვს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

მსგავსი