სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დადგეს
სერგო ჩიხლაძე - ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დადგეს

ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, ამ ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები დადგეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსახილველი საკითხებიდან სამ პუნქტს ოპოზიციის ძალისხმევით დათანხმდა.

„ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, გარდამტეხი ცვლილებები დადგეს ამ ქვეყანაში. ოპოზიციის პასუხისმგებლობა და პოზიციაა ზუსტად ის, რომ „ქართული ოცნება“ იმ სამ საკითხზე დათანხმდა. ოპოზიციის პასუხისმგებლობა და მტკიცე პოზიცია იქნება ზუსტად იმის საძირკველი, რომ იმ ორ საკითხზეც აუცილებლად მოხდება შეთანხმება. პოლიტპატიმრები რომ უნდა გათავისუფლდნენ, მგონი ამაზე არავინ დაობს. მძევლების და ტყვეების დატოვებას რომ არავინ ვაპირებთ, ამაზე რა კომპრომისი შეიძლება იყოს.

ვადამდელი არჩევნებიც უნდა იყოს შეთანხმების დოკუმენტში. „ქართული ოცნება“ ორი კვირის წინ ამბობდა, რომ საერთოდ აღარ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკება, დროის კარგვა არისო, გუშინ კი შეცვალეს პოზიცია. ჩვენ, ოპოზიცია ვართ თანმიმდევრულები, ხუთივე საკითხი, რომელზეც შევთანხმდით შარლ მიშელის ხელმოწერით, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ჩიხლაძის ინფორმაციით, 19 აპრილს ოპოზიციური პარტიების გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა იგეგმება, რომელსაც ყველა პარტიის ლიდერები დაესწრებიან.

„19 აპრილს გვექნება ფართო შეხვედრა ყველა პარტიის აქტივთან, შეიკრიბება ყველა პარტიის ლიდერშიპი როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები გაჟღერდება“, – დასძინა მან.