სერგო ჩიხლაძე - ნიკა მელიას თუ დააკავებენ, ეს იქნება დიდი შეცდომა, უსამართლობა, დაზარალდება „ქართული ოცნება“
სერგო ჩიხლაძე - ნიკა მელიას თუ დააკავებენ, ეს იქნება დიდი შეცდომა, უსამართლობა, დაზარალდება „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“ ნიკა მელიას თუ დააკავებს, ეს იქნება დიდი შეცდომა, უსამართლობა და დაზარალდება „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, მელიას მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.

„იმას, რაც ხდება ნიკა მელიასთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების მხრიდან, არაფერი აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან და სამართლიანობასთან, ეს არის პოლიტიკური დევნა. კიდევ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, გაათავისუფლოს ჯერ კიდევ რვა მარტის გათვალისწინებული შეთანხმებით პოლიტპატიმრები, მათ შორის გიორგი რურუა და მოუსხდეს მოლაპარაკებების მაგიდას იმ საკითხებზე, რაზეც დაიწყო მოლაპარაკებები, და რამაც შექმნა პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში.

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მოვუხსნით უფლებამოსილებასო. არაფერი საერთო ამას მართლმსაჯულებასთან არა აქვს. ეს იქნება „ქართული ოცნების“ უკვე მეორე კრახი, როდესაც დეპუტატობის იმუნიტეტს მოუხსნიან ნიკა მელიას. პირველ ჯერზე რეპუტაციულად ძალიან დაზარალდა „ქართული ოცნება“, მეორედაც ძალიან დაზარალდება. მაგრამ მთავარი ისაა, რომ პოლიტიკური კრიზისი უფრო გაღრმავდება და ეს არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებების მიმდინარეობს“,- განაცხადა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ხვალ ოპოზიცია შეიკრიბება.

„ოპოზიციის გეგმებზე მოგახსენებთ, ჩვენ ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის.

ეს არის ინდივიდუალური ნიკა მელის პროტესტი უსამართლობის და პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ. სამართლებრივი სივრციდან დიდი ხანია გასულია „ქართული ოცნება“, როდესაც აწარმოებს პოლიტიკურ დევნას, ოპონენტებზე ზეწოლას და არჩევნების გაყალბებას. მგონი „ქართული ოცნებაა“ საერთოდ გასული სამართლებრივი სივრციდან“,- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.