სერგო ჩიხლაძე - არ ვიზიარებთ შალვა ნათელაშვილის მოსაზრებებს, არ მგონია, ვინმემ რამე სახის პრეტენზია უნდა წაუყენოს ევროპას
„სტრატეგია აღმაშენებელი“ მსგავს მოსაზრებებს არ იზიარებს, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა, სერგო ჩიხლაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს მიმართავს, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გაიწვიონ ელჩები საქართველოდან.
ჩიხლაძე ამბობს, რომ ევროპა, ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია.
„მთელი ამ წლების, 30 წლის განმავლობში, შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, ჩვენი მეგობარი ქვეყნები ჩვენ მხარს გვიჭერენ და ეს იგრძნობა ყოველწლიურად, იგრძნობა პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა. არ მგონია, რომ რამე სახის პრეტენზია უნდა წაუყენოს ვინმემ საქართველოს პოლიტიკური სპექტრიდან ევროპასა და ევროკავშირს. მით უმეტეს, ელჩების გაწვევა-არგაწვევას არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში არ წყვეტს, ამას წყვეტენ ამ სახელმწიფოების ხელისუფლებაში.
მე პირიქით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მადლობა მინდა, გადავუხადო ევროკავშირს, ევროპის სახელმწიფოების ელჩებს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, რომლებიც თუნდაც ამ მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში გვერდში გვიდგანან და მზად არიან, რომ იკისრონ მედიაცია ჩვენსა და ხელისუფლებას შორის.
რაც შეეხება არჩევნების არცნობას, ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს კი არ უნდა ვთხოვოთ ცნობა-არცნობა, ეს არის ჩვენი შიდა საკითხი, ქვეყნის შიდა საკითხი და ეს უნდა გავარკვიოთ ჩვენ შიგნით. ზუსტად ამიტომ არის მოლაპარაკებები, ამიტომ გვინდა ოპოზიციას პოლიტიკური შეთანხმება ხელისუფლებასთან, რომ გამოვიდეთ კრიზისიდან და დავიწყოთ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება, რადგან მოსაგვარებელია ეკონომიკური კრიზისი, კორონა კრიზისი, ქვეყანა არის ამ ჭაობიდან ამოსაყვანი და პოლიტიკური შეთანხმების გარეშე ეს ვერ მოხდება. პირიქით, ჩვენ გვეხმარებიან ევროკავშირის ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, მათი ქვეყნების ელჩები და პირიქით, ჩვენ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ ხალხისადმი“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, არ აღიარონ არჩევნების შედეგები და გაიწვიონ ელჩები საქართველოდან.
ამასთან, შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპისგან ვერ გრძნობს მოსალოდნელ მხარდაჭერას. „ჩვენ ევროპისგან ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ მხარდაჭერას, ვიღებთ მხოლოდ მოწოდებებს, შევიდეთ პარლამენტში და ლეგიტიმაცია მივცეთ პრეზიდენტ პუტინის გეგმით შეკრებილ ორგანოს“, – აცხადებს ნათელაშვილი.