სერგო ჩიხლაძე - ამნისტია ვერ შეეხება მძიმე მუხლებს, რადგან ეს საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია
სერგო ჩიხლაძე - ამნისტია ვერ შეეხება მძიმე მუხლებს, რადგან ეს საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, სერგო ჩიხლაძის განაცხადებით, უკვე დაწყებულია მუშაობა ამნისტიის პროექტზე, რომელშიც ჩართული არიან იურისტები და მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები.

„პარტიებმა, იურისტებმა, ხელმომწერებმა გუშინ დაიწყეს მუშაობა, რომ შედგეს ისეთი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. ამას რამდენიმე დღეში ვნახავთ“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ამასთან, სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რომ 20 ივნისის საქმეზე ამნისტია მძიმე მუხლებს ვერ შეეხება, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება.

„ამნისტია ვერანაირად ვერ და არ შეეხება ისეთ მძიმე მუხლებს, როგორიც არის მძიმე ფიზიკური ზიანის მიყენება, წამება ან არაადამიანური მოპყრობა. ეს მუხლები ვიღაცას რომ უნდოდეს, თუნდაც ხელისუფლებას, რომ ჩააკვეხოს, ვერ იქნება შეტანილი, რადგან საერთაშორისო კონვენციით აკრძალულია მსგავს მუხლებზე ამნისტიის გავრცელება. საქართველო არის ამ კონვენციის ნაწილი, ხელმომწერი. ამიტომ ფიზიკურად ვერ მოხვდება ასეთი მუხლები.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ვინც ეჭვმიტანილია, რომ ვიღაცას თვალი დათხარა, მძიმე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენა, განმარტებაში ჩავხედოთ, რა არის წამება და არაადამიანური მოპყრობა. ვინც ასეთ რამეშია შემჩნეული, ან სამომავლოდ იქნება დადანაშაულებული, მათზე ფიზიკურად ვერ და არ გავრცელდება ამნისტია. ერთადერთი კომპრომისი შესაძლოა, იყოს რამდენიმე პოლიციელი, რომლებმაც კადრში ვხედავთ, რომ ვთქვათ, ადამიანს წამოარტყეს ან დამამცირებლად მოეპყრნენ. შესაძლებელია, იყოს რამდენიმე ადამიანზე კომპრომისი იმის საპირწონედ, რომ მელია გარეთ იქნება ხოლო კიდევ 16 საქმე – შეწყვეტილი. მძიმე დანაშაულში შემჩნეული ვერც ერთი ადამიანი ვერ მოხვდება ამნისტიაში. ასევე, სამომავლოდ თუ ვინმე გამოიკვეთება დამკვეთი ან დანაშაულის ჩამდენი, ამაზეც ვერ და არ გავრცელდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.