სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილის გამოჩენით, „ქართული ოცნება“ ძველ ფირფიტაზე დაბრუნდა
სერგი კაპანაძე - სალომე ზურაბიშვილის გამოჩენით, „ქართული ოცნება“ ძველ ფირფიტაზე დაბრუნდა

სალომე ზურაბიშვილის გამოჩენით, „ქართული ოცნება“ ძველ ფირფიტაზე დაბრუნდა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ სალომე ზურაბიშვილის აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ომის დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან კარგად გვახსოვს. ისინი ღიად ადანაშაულებდნენ საქართველოს ხელისუფლებას და შესაბამისად, საქართველოს ომის დაწყებაში. ისინი იმეორებდნენ რუსულ გზავნილებს. შემდეგ მათ მოახდინეს რაფინირება გზავნილების და ბოლო წლებში ასე აქტიურად ეს გზავნილები აღარ ისმოდა. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენით, „ქართული ოცნება“ თავის ძველ ფირფიტაზე დაბრუნდა. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ამ განცხადებებით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და არა რომელიმე პოლიტიკურ გუნდს, ყოფილ ხელისუფლებას, ოპონენტებს.

გასაგებია, რომ ამას ვერ ხვდება სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ სამწუხაროა იგივე გზავნილების გამეორება პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან. ერთია კანდიდატის მიერ ნათქვამი, რაც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და მეორეა, როდესაც ამას იმეორებს თანამდებობის პირი“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.