სერგი კაპანაძე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით შეზღუდვების ინიციატივით გამოდის

23:26, 17.05.2019

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, სახელმწიფო შესყიდვები შეიზღუდოს ისეთი სუბიექტებისგან, რომელთა საქმიანობაც საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის.

სერგი კაპანაძემ შესაბამისი ცვლილებები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონში შესატანად მოამზადა, რომლის ინიცირება 20 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო შესყიდვის განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, არ განახორციელონ რაიმე სახის შესყიდვა იმ ორგანიზაციისგან, რომელიც ემსახურება ომისა და ძალადობის პროპაგანდას, მოწოდებულია არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ ან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ.

ამასთან, პროექტით, სახელმწიფო შესყიდვების განმახორციელებელი ორგანოები ვალდებულნი იქნებიან, სამ თვეში ერთხელ გაასაჯაროონ იმ მედიასაშუალებების სია, რომელთაგან ახორციელებენ რაიმე სახის შესყიდვას.

მსგავსი