სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ითხოვს ისეთ საარჩევნო სისტემას, რითაც უმრავლესობის შექმნას მოახერხებენ, ამაზე პარტნიორები ეუბნებიან, რომ მიუღებელია
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ითხოვს ისეთ საარჩევნო სისტემას, რითაც უმრავლესობის შექმნას მოახერხებენ, ამაზე პარტნიორები ეუბნებიან, რომ მიუღებელია

„ქართულ ოცნებაში“თუ ვინმეს საღი აზრი დარჩა, უმჯობესია, რეალურ ნაბიჯებზე იფიქროს, როგორ მოახდინოს მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებაზე გასვლა ნაცვლად იმისა, რომ ისაუბრონ, ვიღაცას არგუმენტებს მოახსენებენ და კიდევ ერთხელ მოატყუებენ – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ევროპის საბჭოს რეზოლუციაში ძალიან მკაცრი შეფასებებია გაკეთებული.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს შეფასებები არ არის მხოლოდ კონგრესმენების, სენატორებისა და ევროპარლამენტარების. პრაქტიკულად, ყველა პარტნიორი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ზუსტად ერთსა და იმავე პოზიციაზე არიან, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება აუცილებლად უნდა მოხდეს, რომელიც პროპორციულის მსგავს შედეგს გამოიღებს. რეზოლუცია ხაზს უსვამს სწორედ იმას, რომ მნიშვნელოვანია ისეთი საარჩევნო სისტემის არსებობა, რომელზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდებიან. არსი ის არის, რომ ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომელიც ისეთ შედეგს გამოიღებს, როგორსაც ხალხი ითხოვს. „ქართული ოცნება“ ითხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი საარჩევნო სისტემით გავიდეს, სადაც მხარდაჭერის მესამედი ექნება და ამით უმრავლესობის შექმნას მოახერხებს. ამაზე პარტნიორები ეუბნებიან, რომ ეს მიუღებელია“, – განაცხადა კაპანაძემ.