სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდა, ვუსამძიმრებ
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდა, ვუსამძიმრებ

„ქართულ ოცნებას“ ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდა, ვუსამძიმრებ, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ მმართველი პარტიის მიერ დღეს გამართული ღონისძიება „საქართველოს გზა ევროპისკენ“.

სერგი კაპანაძის თქმით, არაფერი საზეიმო ქვეყანაში არ არის.

„ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, ეჩვენებინა ძალა იმით, რომ ვითომ შეეკრიბა ბევრი ადამიანი. რეალურად, აჩვენა საპანაშვიდო განწყობა „ქართული ოცნების“ ირგვლივ. ის ადამიანები, რომლებიც აქ ძალით ჩამოიყვანეს, აშკარად არც ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილები და არც არაფერი ჰქონდათ სასიხარულო. ამდენი ხანი გაატარებინეს გზაში და ახლა წაიყვანეს უკან იმისთვის, რომ აქ მოესმინათ რამდენიმე შაბლონური გამოსვლა და ვითომ რაღაც ზეიმს დასწრებოდნენ.

ყველას კარგად ესმის, რომ არაფერი საზეიმო ქვეყანაში არ არის. ის ინსტიტუციები და ევროპული ინტეგრაცია, რომელზეც ასე საუბრობდა რამდენიმე ლიდერი, დღეს ის ინსტიტუციებია, რომლებიც ყველაზე მეტად აკრიტიკებენ „ქართული ოცნებას“. ამ აქციით „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი ვერ აჩვენა, მათ უბრალოდ იძალადეს ხალხზე. რეალურად, ნაადრევი პანაშვიდი გამოუვიდათ, ვუსამძიმრებ მათ. ჩვენი ამოცანა არის, ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, განიმუხტოს დიალოგის და საარჩევნო რეფორმის გზით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი