სერგი კაპანაძე - მზად ვართ, საარჩევნო საკითხზე ცვლილებები სერიოზულად განვიხილოთ, თუმცა ამან არ უნდა გააუარესოს პატარა პარტიების მდგომარეობა
სერგი კაპანაძე - მზად ვართ, საარჩევნო საკითხზე ცვლილებები სერიოზულად განვიხილოთ, თუმცა ამან არ უნდა გააუარესოს პატარა პარტიების მდგომარეობა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ საკითხზე დიალოგის დაწყება მნიშვნელოვანია.

მას შემდეგ, რაც ცვლილება ინიცირებულია სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, მზად არის მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფთან ერთად განხილვაში.

„რადგანაც ეს სისტემა ინიცირებულია, შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად საარჩევნო კოდექსის ცვლილებებში. არის რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი, მაგალითად საარჩევნო უბნებთან პერიმეტრის განსაზღვრა, სადაც ხდება ხოლმე იმ ადამიანების მობილიზება, რომლებიც ახდენენ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე და მეორე – მნიშვნელოვანი იქნება პარტიების დაფინანსების წესში ცვლილება, კონკრეტული კოეფიციენტებისა და პარტიების განსაზღვრა, რომელიც უნდა დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ცვლილებები არ უნდა იყოს ისეთი, რომ ოპოზიციური პარტიების მდგომარეობა გაუარესდეს.

„მზად ვართ, ეს ცვლილებები განვიხილოთ სერიოზულად, თუმცა ცვლილებები არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც გააუარესებს ოპოზიციურ და პატარა პარტიების მდგომარეობას იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ისედაც მილიარდერის დაფინანსებაზე არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტში“ არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს.