სერგი კაპანაძე - ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ლოკალური ხანძრების ჩაქრობა და თან ისე, რომ ადამიანების მოსაზრება არ აინტერესებს
სერგი კაპანაძე - ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ლოკალური ხანძრების ჩაქრობა და თან ისე, რომ ადამიანების მოსაზრება არ აინტერესებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის შეფასებით, ხელისუფლების ამოცანაა, ქვეყანაში ლოკალური ხანძრების ჩაქრობა და თან ისე, რომ ადამიანების მოსაზრება არ აინტერესებს.

ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების 600 ათას ევრომდე თანხით სუბსიდირების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„მთავრობის გადაწყვეტილება კლასიკური ნიმუშია ხალხისადმი არაანგარიშვალდებული მთავრობის გადაწყვეტილების, რადგან შეუძლებელია, დღევანდელ ვითარებაში, როცა ასეთი ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ანგარიშვალდებულ მთავრობას გადაწყვეტილება მიეღო, რომ ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფულით ამ ფრენების სუბსიდირება მოეხდინა. ეს სრულიად წარმოუდგენელია. იგივე რაოდენობის თანხით სუბსიდირება ქუთაისში რომ მოეხდინა „ვიზიარის“ ფრენების, ან ეს თანხა სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიახაზების შემოსაყვანად გამოეყენებინა, როგორიც არის „რაინიარი“, ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. ეს ამ ხელისუფლების ამოცანა არ არის, მათი ამოცანაა, რაღაც ლოკალური ხანძრების ჩაქრობა და თან ისე, რომ ადამიანების მოსაზრება არ აინტერესებთ. ამის გამო პოლიტიკურად უნდა დაისაჯონ, რადგან ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანება“, – დასძინა კაპანაძემ.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით.

დატოვე კომენტარი