სერგი კაპანაძე - ინციდენტების პრევენციის მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობა მოსკოვის შანტაჟის ინსტრუმენტია
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხი მოსკოვის შანტაჟის მარტივი ინსტრუმენტია. მისივე თქმით, აღნიშნული მექანიზმი მოსკოვმა რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენა.
ჟურნალისტებთან საუბარში სერგი კაპანაძე ჟენევის მოლაპარაკებების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსკოვში არ არის პოლიტიკური ნება.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ თემის გენერირება მოხდეს. ეს მოსკოვზე საერთაშორისო ზეწოლის შედეგად უნდა მოხდეს, სხვა შემთხვევაში რუსეთის მხრიდან შანტაჟი მუდმივად გაგრძელდება. ინციდენტებისა და პრევენციების მექანიზმში ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობა-არმონაწილეობა მოსკოვის შანტაჟის მარტივი ინსტრუმენტია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გამოიყენეს. ახლა ისევ უკან დაბრუნდებიან, ისევ მონაწილეობას არ მიიღებენ. ეს წლებია გრძელდება და სერიოზულად არ ვუყურებ. თვისობრივი გარღვევა რომ მოხდეს, ეს დამოკიდებული იქნება, თუ როგორი ზეწოლა იქნება პარტნიორების მხრიდან”, – განაცხადა კაპანაძემ.
ჟენევაში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა დესტრუქციული პოზიციის გამო, დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვა ვერ მოხერხდა. აღნიშნულ თემაზე დისკუსიის თავიდან აცილების მიზნით, მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მოლაპარაკებები დატოვეს.