სერგი კაპანაძე - იმის ნაცვლად, რომ გახარია სახლში გაეშვათ, დაწინაურდა, ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი
სერგი კაპანაძე - იმის ნაცვლად, რომ გახარია სახლში გაეშვათ, დაწინაურდა, ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი

„ევროპული საქართველოს“ სამომავლო გეგმებზე პარტიაში იქნება მსჯელობა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სასესიო დარბაზის დატოვების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძის თქმით, გიორგი გახარიას გაპრემიერებას საზოგადოება არ შეეგუება.

„ბიძინა ივანიშვილი სრულიად არის მოწყვეტილი რეალობას. როგორც ჩანს, შუშის კოლბაში კარგად ვერ ხედავს, რა განწყობებია საზოგადოებაში. ამ რეალობას მოწყვეტილმა ადამიანმა ქვეყანას შესთავაზა და დაუნიშნა პრემიერ-მინისტრად გახარია, ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ახალგაზრდების თვალის დათხრაზე, იმაზე რაც 20-21 ივნისს მოხდა პარლამენტის წინ. იმის ნაცვლად, რომ გახარია სახლში გაეშვათ, დაწინაურდა. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი როგორც საზოგადოებასა და ქუჩაში, ასევე პარლამენტში. პროტესტის ერთ-ერთი გზა გამოვიყენეთ დღეს, უმრავლესობას რომელსაც თავიანთი აზრი არ გააჩნია, ვაჩვენეთ, რომ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ დიდ უსამართლობას და ძალადობას ქართველ ხალხზე. არ ვაპირებთ სხდომაზე დავბრუნდეთ, გამოვედით დარბაზიდან, არავის გამოვუგდივართ, ჩვენ თვითონ გამოვედით.

მომდევნო ნაბიჯებზე პარტიაში გვექნება თათბირი, ჩვენი ამოცანაა, ის აზრი გამოვხატოთ, რაც საზოგადოებაშია და არა ის, რაც ივანიშვილი ატარებს ყურმოჭრილი უმრავლესობის მიერ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.