სერგი კაპანაძე - გერმანელ პარტნიორებს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მხარდაჭერის გამო მადლობა გადავუხადეთ
სერგი კაპანაძე - გერმანელ პარტნიორებს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მხარდაჭერის გამო მადლობა გადავუხადეთ

გერმანიის პრეზიდენტს ვთხოვე, მიაქციოს ყურადღება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ძალადობა, მოსყიდვა, რომლებზეც წლებია, ვსაუბრობთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მხარდაჭერის გამო გერმანელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადეს.

„ჩემი მხრიდან ორ თემაზე იყო საუბარი. ეს არის მაღალ დონეზე საქართველოს საკითხის რუსეთთან დღის წესრიგში რეგულარულად დაყენება. საქმე ეხება როგორც ბორდერიზაციას, ისე ზოგადად ოკუპაციის საკითხს. მეორე იყო ქვეყნის შიგნით არსებული სერიოზული გამოწვევები დემოკრატიასთან დაკავშირებით. ყველა ის პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში – ძალადობა, მოსყიდვა და სხვა, ვახსენე და ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ამას მიაქციოს ყურადღება. პარალელურად, ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს გერმანელ პარტნიორებს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მხარდაჭერის გამო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენი მოთხოვნა, საქართველო დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში იმასაც ნიშნავს, რომ ყველა, ვისაც შეუძლია, რამე მოიფიქროს, ფიქრობდეს საქართველოზე და გვეხმარებოდეს დეოკუპაციის გზით სვლაში“.

„ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ამ მცდელობას ვერ ვხედავთ. ამიტომ ოპოზიცია ყოველ შეხვედრას ვიყენებთ, სადაც ხელი მიგვიწვდება, რომ ვისაუბროთ ამ თემებსა და პრობლემატიკაზე. ბოლო წლებში ეს კარგად ჩანს, რომ საჯარო განცხადებებში არც გერმანიის, არც საფრანგეთის, არც დიდი ბრიტანეთისა და არც აშშ-ის მაღალჩინოსნები რუსეთთან შეხვედრების მერე ღიად არ საუბრობენ საქართველოს თემატიკაზე. სამწუხაროდ, საქართველო გაქრა დღის წესრიგიდან და ამის დაბრუნებას დასჭირდება დრო, მაგრამ აუცილებლად მოხდება მას შემდეგ, რაც გაისად ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.