სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნის და არც მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევას დაუჭერს მხარს
სერგი კაპანაძე - „ევროპული საქართველო“ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ შექმნის და არც მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევას დაუჭერს მხარს

„ევროპული საქართველოსთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ხელმოწერა. ყველამ იცით, რომ „ევროპული საქართველო“ იყო ერთ-ერთი ინიციატორი, პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს აეღოთ ვალდებულება და გაეკეთებინათ განცხადება, რომ არავითარ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ არ შეუქმნიდნენ კოალიციას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

ამასთან, კაპანაძემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ივანიშვილი დარჩეს მარტო და იმისთვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. საამისოდ, უპირველესად, საჭიროა, ხვალ ყველა ის ადამიანი, რომელიც აღშფოთებულია იმ ეკონომიკური კრიზისით, რომელშიც შეიყვანა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა, ყველა ის ადამიანი, რომელიც გაბრაზებულია იმაზე, როგორ ჩააფლავა რეაგირება კორონასთან დაკავშირებულ ამბებზე ივანიშვილის მთავრობამ, ყველა ის ადამიანი, რომელიც გაბრაზებულია ქვეყანაში მზარდი კრიმინალით, ხვალ უნდა მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთაც აღარ უნდათ ივანიშვილი და რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ ივანიშვილის მთავრობა დასრულდეს და დამარცხდეს.

„ევროპული საქართველო“ ამას სთავაზობს საზოგადოებას, რომ ჩვენ წავიდეთ წინ, მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები, ყველა მიმართულებით დავიძრათ წინ სწრაფად და აღარ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ადამიანზე და ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობაზე. აქ, ამ ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ სწორედ იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარ შემთხვევაში ევროპული საქართველო არც ერთ კონფუგურაციაში, არც ერთ ვარიანტში არ შეუქმნის ხელისუფლებას კოალიციას. საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ამ ხელმოწერის და შეთანხმების ნაწილი, რომ ჩვენ ასევე გვაქვს აღებული მეორე პოლიტიკური ვალდებულება და ესეც უნდა გავიმეოროთ აუცილებლად, საზოგადოებამ იცოდეს ჩვენი პოზიცია – ჩვენ ასევე არ ვაპირებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად არჩევას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით ოპოზიციის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ „ქართულ ოცნებასთან“ და მასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან.

დატოვე კომენტარი