სერგი კაპანაძე - ერგნეთის შეხვედრის ჩაშლა მეტყველებს, რომ საოკუპაციო ძალების ინტერესი პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარება არ არის
სერგი კაპანაძე - ერგნეთის შეხვედრის ჩაშლა მეტყველებს, რომ საოკუპაციო ძალების ინტერესი პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარება არ არის

ბორდერიზაცია გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი, რომ შეიქმნას დესტაბილიზაცია და დაგვასუსტონ, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრის ჩაშლას.

როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე აუცილებელია, უსაფრთხოების ზომები იყოს გამკაცრებული, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული.

„ერგნეთის შეხვედრის ჩაშლა მეტყველებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების ინტერესი არ არის მოლაპარაკებების გზით ასეთი პრობლემების მოგვარება. მათი ინტერესია, რომ შექმნან დესტაბილიზაცია და დაგვასუსტონ ჩვენ. ბორდერიზაცია ამისთვის გამოიყენება მხოლოდ როგორც ინსტრუმენტი.

ამიტომ, ჩვენ, ამას უნდა დავუპირისპიროთ ორი რაღაც: ერთი ის, რომ ეს საკითხები მაქსიმალურად მაღალ დონეზე საერთაშორისო პარტნიორებთან იყოს აწეული, რათა მოსკოვთან საუბრისას ვაშინგტონი იქნება, ბერლინი, თუ სხვა დედაქალაქები, ამ თემაზე საუბრობდნენ. საჭიროა არ იყოს ეს მიჩქმალული გვერდზე და არ იყოს ის რეჟიმი, რომელიც დღეს ხელისუფლების ერთმა წარმომადგენელმა შემოგვთავაზა, რომ რუსეთზე სანქციებით ზეწოლა არ ჭრის. პირიქით არის. სანქციებზე ზეწოლის საფუძველი უნდა იყოს ასეთი ქმედებები და მეორე, ამ ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე აუცილებელია, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს გამკაცრებული, როგორც ადრე იყო, რომ იყო შსს-ს და სუს-ის ძალები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ, რომ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. მარტო ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ბორდერიზაცია აღარ გაგრძელდეს“, – განაცხადა კაპანაძემ.

 

დატოვე კომენტარი