სერგი კაპანაძე - ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, არის ბოდვა
სერგი კაპანაძე - ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, არის ბოდვა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ბრალდება, რომ ოპოზიციური პარტიები რაღაც რევოლუციურ გეგმას ამზადებენ, არის ბოდვა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ ამოცანა ახლა არის, რომ არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“.

მისივე თქმით, მოსახლეობის შეშინება იმით, რომ რაღაც რევოლუცია მზადდება, არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ბოლო იმედი.

„ხავსს ეჭიდებიან, იქნებ ხალხს დააჯერონ, თურმე რაღაც არეულობა, დესტაბილიზაცია მზადდებაო. რეალურად კი, ყველაზე დიდი ხიფათი არის, რომ ორშაბათიდან ეს სამარცხვინო ხელისუფლება აპირებს ლოქდაუნს, ქვეყნის ჩაკეტვას. ამას აპირებს არა ჯანდაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ გამომდინარე იქიდან, რომ იცის, შაბათს მარცხდება არჩევნებში; შემდეგ მეორე ტურები იქნება, რომელშიც ასევე დამარცხდება და უნდა, რომ იყოს ჩაკეტილი ქვეყანა, რათა მეორე ტურებში ჰქონდეთ უპირატესობა კამპანიის კუთხით. ეს მათ არ გამოუვათ, შაბათსაც დამარცხდება და არანაირი ლოქდაუნი არ იქნება“, – განაცხადა კაპანაძემ.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, გამოვლენილია ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ფეისბუქგვერდი, 20 ჯგუფი, 1 500-ზე მეტი ე.წ. ფეიკექაუნთი და ბოტი, რომლებიც ეკლესიისა და ხელისუფლების დისკრედიტაციაზე მუშაობენ: „პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი ყალბი გვერდი ან მასეთი ტიპის საინფორმაციო პოლიტიკა არ აქვს. მე მესმის, რომ მათი ამოცანაა, ყველა ოპოზიციური პარტია გაასაღონ „ნაცმოძრაობად“, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ასე არ არის, რადგან ეს მათი ნარატივი და პროპაგანდა, რომ ყველა არიან „ნაცები“, არის ტყუილი“, – აღნიშნა კაპანაძემ.