სერგი კაპანაძე - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი არის მკაფიო გზავნილი, რომ არჩევნების გაყალბებას, ძალადობას ან სხვა ტიპის მანიპულაციებს აშშ არ შეეგუება
სერგი კაპანაძე - აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი არის მკაფიო გზავნილი, რომ არჩევნების გაყალბებას, ძალადობას ან სხვა ტიპის მანიპულაციებს აშშ არ შეეგუება

აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტი არის მკაფიო გზავნილი, რომ არჩევნების გაყალბებას, ძალადობას ან სხვა ტიპის მანიპულაციებში ამომრჩევლის ჩართვას აშშ არ შეეგუება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, ეს განცხადება არის მტკიცე გზავნილი ქვეყნისთვის, რომ საქართველოში ჩადებული ფული და ინვესტიცია ხელისუფლების მხრიდან შეიძლება იყოს შეტევის ქვეშ.

„ეს არის ერთ-ერთი პირდაპირი გზავნილი, რომ ამერიკელ ინვესტორებს ქვეყანაში ექმნებათ პრობლემები. მეორე გზავნილი არის ზოგადად ხელისუფლებისადმი, რომ ვითარება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში აღარ არის ნორმალური, ანუ ჩვენ როცა ყველანაირი პირობების გარეშე შეგვეძლო მიგვეღო დახმარება აშშ- დან, რომ მათთვის საქართველო იყო დემოკრატიის აკვანი, ეს ვითარება აღარ არის. ეს გზავნილი დემოკრატიასთან დაკავშირებით პირდაპირ სინქრონში არის იმ გზავნილთან, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს ჰქონდა, როცა ესაუბრა გახარიას ტელეფონით. საუბრის მთავარი თემა იყო არჩევნები და ქვეყანაში საარჩევნო გარემო“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტ H.R. 6395 „უილიამ თორნბერის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2021 წლის ფისკალური წლისთვის“ შესულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება. მათ შორის არის პუნქტი ნომრით 1299С, სახელწოდებით „ანგარიში საქართველოს მთავრობის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზე“.