სერგი კაპანაძე - აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დიალოგის გაგრძელებას საფრთხე ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ შეუქმნა
სერგი კაპანაძე - აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დიალოგის გაგრძელებას საფრთხე ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ შეუქმნა

აშშ-ის საელჩოს განცხადება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი პარტნიორები ადეკვატურად აღიქვამენ იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანაშია, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სერგი კაპანაძე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერენ საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს.

„აშშ-ის საელჩომ გააკეთა ძალიან კარგი განცხადება, სადაც თქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს, თუმცა დიალოგის გაგრძელებას საფრთხე შეუქმნა ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ. იქვე გამოთქვა იმედი, რომ დიალოგი გაგრძელდება, ოღონდ დიალოგის გასაგრძელებლად საჭიროდ მიიჩნია ისეთი წინაპირობა, როგორიც არის დეპოლიტიზებული სასამართლო და მართლმსაჯულების არ გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენი პარტნიორები ადეკვატურად აღიქვამენ იმ პრობლემას, რომელიც ქვეყანაშია, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება. ამ განცხადებით  პასუხისმგებლობას პრაქტიკულად დიალოგის ჩავარდნაზე ხელისუფლებას აკისრებენ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ამასთან, სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რომ ოპონენტებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა შეუძლებელია და ოპოზიცია გააგრძელებს მიზნის მისაღწევად ბრძოლას „სხვა მეთოდებით“.

„ამ პირობებში, როდესაც ხელისუფლება ერთი მხრივ იჭერს პოლიტიკურ ოპონენტებს, შეუძლებელია მასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა. ეს არის დაახლოებით იგივე პრინციპი, როდესაც ტერორისტებს არ ელაპარაკებიან. სამწუხაროდ, ამ რეალობაში მან თვითონ ჩაიგდო თავი და სწორედ ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი მიზნებისთვის სხვა მეთოდებით, მათ შორის მეთოდებით, რომელიც გულისხმობს აქტივობებს თბილისში, რეგიონებში და მის დამარცხებას მოქმედი საარჩევნო სისტემით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დატოვე კომენტარი