სერგი კაპანაძე - არჩევნების გადადება გამორიცხულია, არჩევნები უნდა ჩატარდეს ორ კვირაში და ესენი წავიდნენ ოპოზიციაში
„ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიცია არის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს, – ამის შესახებ განაცხადა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.
„კატეგორიული წინააღმდეგი ვართ გადადების, ეს ამბავი უნდა მორჩეს ორ კვირაში და ეს ორი კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რათა მერე ვიაროთ წინ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი. არ ვიცი, მმართველ გუნდს სურს თუ არა გადადება, მე ვიცი, რომ მათი რეიტინგი დღითიდღე მოდის ქვემოთ. მე ვიცი, რომ ისინი ვერცერთ გამოწვევას ვერ უმკლავდებიან; მე ვიცი, რომ პანდემია გაექცათ; მე ვიცი, რომ ამ გაქცეულ პანდემიაზე არანაირი ეფექტური რეაგირების ინსტრუმენტები არ აქვთ. ერთადერთი, რაც ახლა მათ აწყობთ, არის ის, იქნებ როგორმე გააგრძელონ ოპოზიციის დემონიზება, რათა თქვან, რომ ოპოზიცია არის ცუდი, თვითონ გაძვრნენ, რომ თვითონ არიან ნაკლებად ცუდი. ეს აწყობთ ახლა მათ. ამიტომ, არჩევნები გადაიდება თუ არ გადაიდება, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში წააგებენ ამ არჩევნებს. ამიტომ მთავარი ახლა არის, რომ ეს ორი კვირა ყველამ გავიჭირვოთ, მივიდეთ არჩევნებამდე და მერე წერტილი დავუსვათ ამ საშინელ მმართველობის პერიოდს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კაპანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობა შეეცდება, გამოიყენოს მდგომარეობა, რათა ხელოვნურად შეამციროს არჩევნებზე მისული ხალხის რაოდენობა.
„იქნება ისეთი ტიპის შეზღუდვების დაწესება, რომელიც გაურთულებს ადამიანებს, ხმა მისცენ, იქნება ზოგადად შიშის ატმოსფეროს დათესვა, მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტი არის, რამდენად გვიღირს თუნდაც რამდენიმე თვით ამ მთავრობის დატოვება იმ პირობებში, როდესაც გვესმის, რომ არც ერთ გამოწვევას ესენი ვერ პასუხობენ.
ახლა ხომ ცალსახად ვხედავთ, რომ კოვიდი გაიქცა და რა არის მათი პასუხი – მარტო ის, რომ რესტორნები 10 საათის მერე აღარ იმუშავებს და კიდევ ათობით ათასი ადამიანი დაკარგავს სამსახურს. ანუ ამათ არ აქვთ არანაირი ხედვა, ესენი ახლა უბრალოდ მიდიან ინერციით და ამ ინერციით ქვეყანა გადაიჩეხა უფსკრულში. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, ოპოზიციური ძალების, „ევროპული საქართველოს“ პირველ რიგში არის, რომ ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მივიყვანოთ არჩევნებზე; ვთხოვოთ მათ, რომ მივიდნენ, მათი ყოველი ხმა არის გადამწყვეტი. არჩევნების გადადება არის გამორიცხული, არჩევნები უნდა ჩატარდეს ორ კვირაში და ესენი წავიდნენ ოპოზიციაში, ეს არის ერთადერთი გამოსავალი ამ უმძიმესი მდგომარეობიდან“, – განაცხადა კაპანაძემ.