სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები აქვს
სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები აქვს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის მოსაზრებით, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები აქვს.

როგორც ჟურნალისტებს კაპანაძემ განუცხადა, მთელი პოლიტიკური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოება ერთ პოზიციაზეა, ხოლო ხელისუფლება – სხვაზე.

„საქმე სასამართლო სისტემას და იქ არსებულ კლანურ მმართველობას ეხება. როგორც ჩანს, ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია და ეს მმართველობა უნდა დამთავრდეს. ბიძინა ივანიშვილს სურს, კლანური მმართველობა კიდევ უფრო იყოს ორიენტირებული მისი სურვილების შესრულებაზე. არასამთავრობო სექტორს სამართლიანი მოთხოვნები გააჩნია, რომელიც იმ წინადადებებს ეხმიანება, რაც „ევროპულმა საქართველომ“ დააყენა. იმედი გვაქვს, ერთობლივი ბრძოლით იმას მივაღწევთ, რომ კრიტერიუმები გამჭვირვალე და გაწერილი იქნება. ასევე ყველა კანდიდატურას ძალიან სერიოზული გასაუბრების გავლა მოუწევს. ეს მნიშვნელოვანია, რათა ნორმალური და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვქონდეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მკვეთრად პოლიტიზირებული განცხადებები და შეტევები ბევრჯერ ვნახეთ, მათ შორის საჯარო განცხადებები, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და იმაზე მიუთითებს, როგორი ანგაჟირებულები არიან“, – განაცხადა კაპანაძემ.

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვს, ასევე ითხოვს, რომ თანამდებობებიდან გადადგნენ ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე. ამასთან, საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, საზოგადოების ჩართულობით შექმნას ისეთი რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს მოსამართლედ საუკეთესო კანდიდატის შერჩევას. არასამთავრობო სექტორის მოთხოვნაა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-წარდგენა მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირება მოხდება.