სერგი კაპანაძე - 20 ივნისიდან მოყოლებული, საქართველოში პრორუსული ძალები განსაკუთრებით აქტიური არიან
სერგი კაპანაძე - 20 ივნისიდან მოყოლებული, საქართველოში პრორუსული ძალები განსაკუთრებით აქტიური არიან

20 ივნისიდან მოყოლებული, საქართველოში პრორუსული ძალები არიან განსაკუთრებით აქტიური და ყველა შესაძლებლობებს იყენებენ, ხაზი გაუსვან, რომ რუსეთი ისევ თამაშშია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ამის გამოვლინებაა „პატრიოტთა ალიანსის“ ბოლო აქტივობები, ასევე ის, რამდენი ფული იხარჯება პრორუსულ გამოცემებზე.

„20 ივნისს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა – დაინგრა რუსული პროპაგანდისტული ხუხულა, თითქოს, საქართველოში არის პრორუსული მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამიტომ მთელი ინვესტიცია, რომელიც რუსეთმა ჩადო, პრაქტიკულად, ქარს იყო გატანებული. შესაბამისად, 20 ივნისიდან მოყოლებული და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლების დახმარებით, ეს პრორუსული ძალები არიან განსაკუთრებით აქტიური, ყველა შესაძლებლობებს იყენებენ, ხაზი გაუსვან, რომ რუსეთი ისევ თამაშშია, რადგან საქართველოში მოსახლეობა ისევ პრორუსულია, ნატო არის საფრთხე და პროდასავლური ოპოზიცია საფრთხეა. სამწუხაროდ, ამ მესიჯბოქსის ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი ხელისუფლებაც და პრორუსული ძალებიც. ამისი გამოვლინებაა როგორც ირმა ინაშვილისა და „პატრიოტთა ალიანსის“ ბოლო აქტივობები, ისე ამისივე გამოვლინებაა მაგალითად ის, რამდენი ფული იხარჯება ბოლო პერიოდში პრორუსულ გამოცემებზე, ის, თუ როგორ ხდება პარლამენტში მათი მხარდაჭერა თუ მის გარეთ. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა გახარიას გაპრემიერებას მხარი დაუჭირეს“, – განაცხადა დეპუტატმა.

სერგი კაპანაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი პოლიტიკური გუნდია.

„ეს ორი პოლიტიკური დაჯგუფება – „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“, თავისი სხვა პრორუსული გუნდებით, რეალურად ერთი პოლიტიკური გუნდია. როგორც ჩანს, ისინი აპირებენ, მომავალშიც ითანამშრომლონ. ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი 2020 წლის პროპორციულ არჩევნებზე მშვიდობიანად დავასრულოთ“, – განაცხადა დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ.