სერგი გვარჯალაძე - სატრანსპორტო ქსელის განვითარება ღამის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია
სერგი გვარჯალაძე - სატრანსპორტო ქსელის განვითარება ღამის ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანია

დღეს ქალაქში სატრანსპორტო ქსელი გამართული არ გვაქვს და ადამიანებისთვის, რომლებიც ღამის ღონისძიებებზე მიდიან, გადაადგილების ერთადერთი საშუალება ტაქსია, – ამის შესახებ დედაქალაქის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ამ მიმართულებით, სხვადასხვა უწყებებთან მუშაობა უკვე დავიწყეთ. ვიცით, რომ თბილისის მერიაში ძალიან სერიოზული პროექტი მზადდება, რომელიც სატრანსპორტო ქსელის განვითარებასაც მოიცავს და ვფიქრობ, ღამის ეკონომიკის განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, საბოლოოდ, როდის იქნება მზად მერია იმისთვის, რომ მონაცემები შეაგროვოს და პრობლემის მოგვარებაზე საუბარი დაიწყოს, სერგი გვარჯალაძემ აღნიშნა, რომ მათი მიზანია, კვლევებზე, რომელიც ახლა ტარდება, დაახლოებით, ორი-სამი თვის განმავლობაში ეკონომიკური კონცეფციის ე.წ. დრაფტი მიიღონ, რაც სტრატეგიის საფუძველი გახდება.

„სავარაუდოდ, ეს სამწლიანი სტრატეგია უნდა იყოს, რომელიც რა თქმა უნდა, გაცხადდება, რადგან ბიზნესს ძალიან კონკრეტული მონაცემები და ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები უყვარს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, გვექნება თუ არა საშუალება, რაღაც შეღავათები იყოს, საჭიროა თუ არა რეგულაციების შეცვლა, შევცვლით თუ არა მათ და ა.შ.“ – განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.