სერგეი ლავროვმა შვეიცარიის მხარეს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა
ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შვეიცარიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციის ეფექტიანი და კეთილსინდისიერი შესრულებისთვის.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც სერგეი ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგასთან, იგნაციო კასისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსულმა მხარემ შვეიცარიელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა ჟენევის დისკუსიების მასპინძლობისთვის.
„დავუდასტურეთ მადლიერება ჩვენს შვეიცარიელ კოლეგებს საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენლობის ფუნქციების ეფექტიანი შესრულებისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის დისკუსიებისთვის პლატფორმის უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის ომის შემდეგ გაწყვიტა. მას შემდეგ საქართველოში რუსეთის ინტერესებსა და რუსეთში საქართველოს ინტერესებს შვეიცარიის საელჩოს სპეციალური სექცია წარმოადგენს.