სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან „ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“ განიხილა
სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან „ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“ განიხილა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრებთან „ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“ განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დღეს ორმხრივი და სამმხრივი შეხვედრა გამართა სოჭში ჩასულ დმიტრი მედოევთან და ინალ არძინბასთან.

„მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ამ უნიკალურ ფორმატს ალტერნატივა არ აქვს. ასევე, განხილული იყო ამიერკავკასიაში სიტუაციის სხვა აქტუალური ასპექტები. ლავროვმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის ძალისხმევის შესახებ, რომელიც რეგიონში ვითარების გაჯანსაღებას ემსახურება, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერს, 2021 წლის 11 იანვარს და 26 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებების რეალიზაციის საკითხისა და საკონსულტაციო რეგიონული ფორმატის „3+3“-ის ამოქმედების შესახებ. ასევე, განხილული იყო საერთაშორისო პრობლემები, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.