სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა
სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა

სერგეი ლავროვმა დიდი ბრიტანეთი სკრიპალის საქმის საშუალებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაბირების მცდელობაში დაადანაშაულა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, ამის მიზეზი „ბრექსითის“ პროცესია, რადგან გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ის, შესაძლოა, მარტო აღმოჩნდეს.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ გერმანელ კოლეგებს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან რაიმე სახის მტკიცებულებები არ გვინახავს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ.

ცოტა ხნის წინ, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეში დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებამ ორი ეჭვმიტანილი წარადგინა. სკოტლანდ იარდის ცნობით, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

ბრიტანელი გამომძიებლების განმარტებით, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს აგენტები არიან.